საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა
„თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის, მწამს, აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას“. - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს უწმინდესისა და უნეტარესისთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა. პრეზიდენტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები.
