კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდება, გულისხმობს შვიდასი ჰექტარი მიწის ფართობის რეკრეაციულ ზონად ქცევას
იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის აშენება არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და ფონდ ქართუს დახმარებით დედაქალაქისთვის კეთდება. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდება, გულისხმობს შვიდასი ჰექტარი მიწის ფართობის რეკრეაციულ ზონად ქცევას, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანებას გულისხმობს. ტყის ლანდშაფტი აღდგება მთაწმინდის ფერდიდან კუს ტბის ფერდობამდე. დაგეგმილია ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს 16 მილიონი ლარით აფინანსებს ფონდი "ქართუ". ამ პროექტის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისაუბრა და თქვა, რომ ისტორიული პროექტი ვიზუალურად გააცოცხლებს თბილისს და მის ეკოლოგიას.
