გურჯაანის სოფელ ველისციხეში მე-9 კლასის მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, სადაც მე-9 კლასელი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით მუშავდება საკლასო ოთახები და დერეფნები. დაინფიცირებული ბიჭის თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. ადგილზე იმყოფება ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, ისინი მოსწავლის კონტაქტებს სწავლობენ. მოხდება თუ არა ამ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადასვლა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც დაინფიცრებული მოსწავლის თანაკლასელების ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. რეგიონის მასშტაბით, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 68 შემთხვევაა დაფიქსირებული, თვითიზოლაციაში 200 მოქალაქე რჩება, 28 კი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 52 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
