ბექა ლილუაშვილი სტუმრად გადაცემაში "დღის ქრონიკა"
საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, 2004-2012 წლებში სიღარიბე მხოლოდ 2%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც 2013-2019 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები თუ სხვა სფეროები, მათ შორის ეკონომიკური თავისუფლება სავალალო მდგომარეობაში იყო. „ქართულმა ოცნებამ“ კამპანიის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ დაასახელა მთავარი პრობლემები - ოკუპაცია და სიღარიბე. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვერგო სიღარიბის მხრივ და ამაზე მკაფიოდ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა. ამ სტატისტიკის უკან დგანან არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტები. მათი შეფასებით, 2004-2012 წლებში სიღარიბე მხოლოდ 2%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც 2013-2019 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა. გარდა ამისა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა. ჩვენ გვაქვს გაორმაგებული ეკონომიკა და დოვლათი, რომელსაც ქვეყანა ქმნის, დაახლოებით 26 მილიარდი ლარიდან 50 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 60%-ით გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, ამასთან ერთად 31%-ით გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი ევროკავშირის ბაზარზე. იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ მმართველი გუნდის ეკონომიკური ხედვის რეალიზებადობა, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ მიღებული შედეგებიდან. ამისთვის კიდევ ერთხელ უნდა მოვიყვანოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები. მაგალითად, მსოფლიო ბანკის შეფასებით, მთავრობის ეფექტურობის შეფასებით საქართველო არის ევროკავშირის ქვეყნების ოცეულში. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ბოლო 7 წლის განმავლობაში 82 პოზიციით დაწინაურდა. ბიზნესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-16 ქვეყანა. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები. 2019 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები, რომლებსაც 2020 წელს პანდემიის გამო გარკვეული მიმართულებებით საფრთხე დაემუქრა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
