კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს
ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სასუნთქი აპარატის ტექნიკური მზაობა. შევიძინეთ არაერთი სასუნთქი აპარატი. ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების დეფიციტი არსებობს და არც საწოლფონდის. ჩვენ გვაქვს 3 გრადაციის მზაობის კომპონენტი, ამ ეტაპისთვის მობილიზებულია 3 ათსზე მეტი საწოლი და დამატებით ჩაერთვებიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ წინასწარ შეთანხმებული პირობები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 453 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 46 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
