საარჩევნო პროგრამის წარდგენამდე სახელისუფლებო გუნდმა გასული რვა წელი შეაჯამა
სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებმა განხორციელებულ რეფორმებსა თუ პროექტებზე ისაუბრეს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და პარლამენტის ოპოზიციის უფლებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
