"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვს პოლიტიკის ამოცანები წარუდგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, უმთავრესი ეს არის ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება; ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა, ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება. მისივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად. ქვეყნის ბიუჯეტი შეესაბამება ნატოს სტანდარტს, რომლის თანახმად თავდაცვას ქვეყნის მთლიანი შიდაპროდუქტის 2%-მდე ხმარდება და ეს შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო წვრთნების მასშტაბები გაიზარდა და ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი შეიქმნა. მომავალში განხორციელდება საწვრთნელი ცენტრის სრულფასოვანი გამართვა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ერთობლივი პროექტი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის განმარტებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ამერიკის საგარეო სამხედრო დაფინანსება საქართველოში გაორმაგდა და 227 მლნ დოლარი შეადგინა.
