"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია - მარიამ ქვრივიშვილის სიტყვით გამოსვლა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა. 4 700 000-დან 9 400 000-მდე გაიზარდა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. 2.5-ჯერ, ფაქტობრივად 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს ის გაუტოლდა 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, ტურიზმის სფეროში განხორციელებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „შედეგად ტურიზმის წილმა ეკონომიკაში გადააჭარბა 8%-ს. 150 ათას სამუშაო ადგილს გადააჭარბა ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობამ. სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე გაიზარდა საინვესტიციო პროექტები ტურიზმის ინდუსტრიაში. შედეგად გასამმაგდა სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა სრულიად საქართველოს მასშტაბით. მიზნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების ხელმისაწვდომობით 2014 წლიდან გადამზადდა 8 ათას ადამიანზე მეტი, საქართველოშ მასშტაბით. შედეგად გაუმჯობესდა მომსახურების დონე და მოსახლეობამ შეიძინა ახალი პროფესია ტურიზმის სექტორში დასასაქმებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას და შედეგად კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა. აშენდა 30-მდე ახალი საბაგირო გზა, გაიხსნა ახალი კურორტები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურსა და ბაკურიანში, ყველა კურორტი აღიჭურვა თანამედროვე სპეცტექნიკით და რაც მთავარია, ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მოთხილამურე პატრულის მიმართულება. 4-ჯერ გაიზარდა მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოს აეროპორტებში. გაიზარდა საქართველოში მოქმედი და ოპერირებადი ავიაკომპანიების რაოდენობა და შესაბამისად, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი, მიმართულებების კუთხით. შედეგად მოხდა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენი ინდუსტრიის მდგრადი განვითარება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მან ასევე იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც ტურიზმის სექტორს მომავალში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 500 000 საერთაშორისო მოგზაურს და ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლები გაუტოლდება 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს. გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაცია, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70%-მდე, ხოლო ევროკავშირის, ამერიკის და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30%-ით. შედეგად ქვეყანაში შემოვა კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც აისახება ჩვენი ხალხის კეთილდეღეობასა და რაღა თქმა უდნა, ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მოხდება ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა, ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას. სახელმწიფო განაგრძობს ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოებას, ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობისთვის და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით. და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველო წარდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, მსოფლიო ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე „აითიბი ბერლინი“ 2023 წელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას. კიდევ უფრო განვითარდება სათხილამურო ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე. შეიქმნება კურორტების მართვის ახალი სისტემა. გაფართოვდება ბათუმის აეროპორტის ტერმინალი, ასევე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რომლის ფართობიც 5-ჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
