ივანე მაჭავარიანის სიტყვით გამოსვლა - "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად ქართულმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც, ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, ქართულმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნული რეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს. „ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველოს მიენიჭა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსი და იკავებს მე-5 ადგილს მსოფლიოში. 16,4-დან 9,9%-მდე შემცირდა ბიზნესზე საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი, რითაც საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. შემოღებულია მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი და მოგების რეინვესტირების მაჩვენებელმა, მხოლოდ 2019 წელს, 612 მილიონი ლარი შეადგინა. სიმბოლურად 1%-მდე შემცირდა მცირე ბიზნესის გადასახადი. მნიშვნელოვნად გამარტივდა დღგ-ის დაბრუნების მექანიზმი. დღგ-ის დაბრუნების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი 146-დან 615 მილიონამდე გაიზარდა 2019-ში. დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც. 59%-ით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის 31%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 54-დან 41%-მდე შემცირდა. საქართველო განაგრძობს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას უზრუნველყოფს. საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუალობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორი მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება. გაღმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება. „2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%. დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდის უუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად ქართული ეკონომიკა, უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, სულ მცირე 40%-ით გაიზრდება. შეიქმნება დამატების 200 ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
