არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა დასრულდა
დეპუტატებმა სასამართლოების შესახებ კანონი მიიღეს და ოთხწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს. მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა პარლამენტის თავმჯდომარემაც.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად აღემატება მანამდე, 20 წლის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობის ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევებს. ამის შესახებ მან მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
„ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჩვენ პარლამენტის რეგლამენტი შევცვალეთ, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად აღემატება მანამდე, 20 წლის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობის ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევებს. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ამ განსხვავებას. რაც შეეხება დეპუტატების მხრიდან ამ მექანიზმების უკეთ გამოყენებას, მე მაქვს მოლოდინი, რომ ახალ, მეათე მოწვევის პარლამენტში თითოეული ეს მექანიზმი იქნება ძალიან ეფექტურად გამოყენებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეცდომა, რომელიც ბოლო წლებში ოპოზიციამ დაუშვა, როდესაც აირჩია პარლამენტის ბოიკოტირებისა და ბლოკირების მცდელობები, ახალ პარლამენტში ოპოზიცია ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებს. ეს წინააღმდეგობაში მოდის და აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ ოპოზიცია ასეთ მცდარ გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
