პრეზიდენტ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატები ოჰაიოს შტატის ქალაქ ოკლენდში შედგა
დებატების მოდერატორს, „ფოქს ნიუსის“ წამყვანს, კრის უოლესს 90 წუთის განმავლობაში უხდებოდა პრეზიდენტ ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ის ხშირად აწყვეტინებდა ოპონენტს მისთვის მინიჭებულ, ორ წუთიანი ხანგრძლივობის სიტყვას, რის გამოც დებატების დროს რთული იყო კანდიდატთა მოსაზრებების მოსმენა. დონალდ ტრამპმა არაერთგზის მიიტანა იერიში ოპონენტზე და თქვა, მან 47 თვეში გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ჯო ბაიდენმა 47-წლიან პოლიტიკურ კარიერაში. „შენში ჭკვიანური არაფერია“, - ასე მიმართა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დემოკრატ მეტოქეს. მისი თქმით, პანდემიის დროს პასუხისმგებელი ბაიდენი რომ ყოფილიყო, შტატებში მილიონობით ადამიანი მოკვდებოდა. თავის მხრივ, ბაიდენმა ტრამპს „პუტინის ლეკვი“, „რასისტი“ და „კლოუნი“ უწოდა. დებატების თემები ექვს სეგმენტად იყო განაწილებული, რომლებიც ეხებოდა კანდიდატთა მთავარ მიღწევებს უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას, ვაკანსიას უზენაეს სასამართლოში, კორონავირუსის პანდემიასა და მის მართვას, ეკონომიკას, რასობრივ პრობლემებსა და ძალადობას, ასევე არჩევნების უსაფრთხოებას. მორიგი საპრეზიდენტო დებატები შეერთებულ შტატებში 15 ოქტომბერსა და 22 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, 7 ოქტომბერს დაგეგმილია დებატები ვიცე-პრეზიდენტებს შორის. არჩევნები კი ქვეყანაში სამ ნოემბერს არის დანიშნული
