საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიების ალიანსის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო იყო და დარჩება ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის კონსოლიდაციას, გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნას და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას და ეფექტურ ინსტიტუციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის საარჩევნო მთლიანობის საკითხებზე შექმნილი ტრანსატლანტიკური კომისიის შეხვედრაზე - „დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან მიერთება საქართველოს დემოკრატიული წარმატებების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე სხვა მხარეებს, საკუთარი წილი პასუხმგებლობა ეკისრებათ კონსტრუქციული საარჩევნო კამპანიის წარმართვაში.
