ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი გადაცემაში "არენა"
ჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონს დაასრულებენ წაგებით, და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში სცადონ, ძალადობრივი სცენარით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა. „როდესაც საქმე გვაქვს წონასწორობიდან გამოსულ ოპონენტთან, ძალიან რთულია რამის პროგნოზირება ან იმის თქმა, რომ ჩვენ არ ველოდებით პროვოკაციას. ადგილობრივ მოსახლეობას ესმის, რომ პოლიტიკური დაპირისპირება არ არის ეთნიკურ ნიადაგზე, რის წარმოჩენასაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები. ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენი ოპონენტები არ არიან დაინტერესებულები სტაბილურობით ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას ღიად და აშკარად მტრობდნენ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ისინი ახლაც ცდილობენ, ეს მოდელი თავს მოახვიონ ჩვენს საზოგადოებას და მუდმივ შიშში ჰყავდეთ, მოახდინონ დესტაბილიზაცია, მიაწოდონ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაცია, თითქოს ძალადობრივი საარჩევნო გარემოა. მათ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ - შეგუებულები არიან, რომ საარჩევნო მარათონს დაასრულებენ წაგებით, და ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში სცადონ, ძალადობრივი სცენარით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა მეშველიანმა.
