გიორგი გახარიასა და იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია
ჩვენი პროდუქტიული შეხვედრის დროს ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის მრავალი შეხვედრა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებულად ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, რათა ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის მოსამზადებლად დახმარების უზრუნველყოფა მოხდეს. ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს. ამასთან, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
