ჯეიმს აპატურაი: დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს
დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ორგანიზაციის მხრიდან ასპირანტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, -ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკას“ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. როგორც ჯეიმს აპატურაი აცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ნატოსთვის და მნიშვნელოვან დროს შედგება. „როგორც ყოველთვის, ამ ვიზიტზეც ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რამდენად ღირებულია ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა და ასევე ხაზს გაუსვამს ორგანიზაციის მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოს გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, ასევე მოუწოდებს საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარებისკენ და პროგრესის შენარჩუნებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით აქვს. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რომელიც უკეთესობისკენ არ იცვლება. დღეს შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებს, სადაც საქართველოს არსებითი წვლილი შეაქვს და რისთვისაც ნატო საქართველოს მადლიერია“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
