დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს ბრალი წარუდგინა. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, მამამ მოწმეებზე გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეზე, ასევე მირიან ნიკოლაძეზე განახორციელა მუქარა. მან სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების - ,,თეთრი ისარის“ (იგივე ,,ინკვიზიტორების“) სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები. პროკურატურის ცნობით მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას" ამავდროულად, პროცესის მონაწილეების მიმართ მუქარის განხორციელების, მათი დისკრედიტაციისა და მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაციაც.
