ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი „კურიერის“ ერთ-ერთი ჟურნალისტია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. „ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის გადაყვანილია კლინიკაში. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და გვაქვს შემუშავებული შესაბამისი პროტოკოლი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში. გავდივართ კონსულტაციებს. უშუალო კონტაქტი გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ვცდილობთ დავადგინოთ პირდაპირი კონტაქტები და ტესტირება პირველ რიგში ჩაუტარდეთ იმ თანამშრომლებს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან“, - განაცხადა „რუსთავი2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ. ამ დროისთვის ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.