20 ივნისი - არშემდგარი გადატრიალების ისტორია
ქვეყნის უახლეს ისტორიაში პოლიტიკურად ყველაზე საკრალური შენობა - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც სხვადასხვა ეტაპზე, სახელმწიფოსთვის ყველა მნიშვნელოვანმა და ფაქტობრივად, გარდამტეხმა მოვლენამ საკუთარი კვალი დატოვა, ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს იქცა პოლიტიკური თვითგამორკვევის, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შეგრძნებისა და გულწრფელი პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენების მორიგ და საუკეთესო მაგალითად.
20 ივნისის მოვლენებმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ პროცესების რადიკალიზაცია ნაციონალური მოძრაობისა და მის ჩრდილქვეშ მყოფი ოპოზიციისთვის ბრძოლის მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა. არც საზოგადოებრივი დისკუსია და კრიზისიდან ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით გამოყვანის ინტერესი და არც დემოკრატიისკენ რეალური სწრაფვა არ წარმოადგენს ამ ჯგუფის ბუნებრივ მდგომარეობასა და მიზანს.
საქართველომ თავიდან აიცილა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოზე შტურმი ბევრად უფრო მკაცრი ფორმებით იქნებოდა მოგერიებული.
კანონზე შეტევამ დააზარალა მოქალაქეებიც და სამართალდამცველებიც. სახელისუფლებო გუნდმა პოლიტიკური ფასი გადაიხადა, ხოლო გადამტრიალებელი ძალა პოლიტიკურად საბოლოოდ გაკოტრდა, თუმცა ეგრეთწოდებული „რევოლუციური მუხტის“ ხელოვნურად გაჩენის წყურვილი მას არ განელებია.
იმ ძალის საპირწონე, ვისაც სურს რომ ქვეყანამ ქაოსიდან ქაოსამდე და მომდევნო ქაოსის მოლოდინში იცხოვროს, ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც სურს მშვიდობა და განვითარება. სწორედ ხალხი და დრო ზუსტად დაარქმევს სახელს და ყველას კუთვნილ ადგილს მიუჩენს ისტორიაში.
