„საქართველო არის იმედის ნაპერწკალი ევრაზიის რეგიონში, რადგან მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან“ - The Heritage Foundation საქართველოზე
სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკისა და საქართველოსთვის მომდევნო წელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ წელს ჩატარდება ქვეყანაში არჩევნები, გაირკვევა ანაკლიის პროექტის ბედი, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი და საქართველოს პოზიცია ჩრდილო ატლანტიკულ ალიანსთან მისწრაფებების შესახებ. გამოცემას მიაჩნია, რომ რადგან საქართველო არ არის ნატოს წევრი, ის დღეს დაცველია რუსული აგრესიის და ოკუპაციის წინაშე. აღნიშნულია , რომ ნატო მხარს უჭერს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სამშვიდო მისიებზეც, რადგან საქართველომ ავღანეთსა და ერაყში ათასობით ქართველი მებრძოლის გაგზავნით დაამტკიცა, რომ ის სანდო მოკავშირეა. ამიტომ შტატებმა საქართველო უნდა წაახალისოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დემოკრატიას, რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ავტორი ფიქრობს, რომ საქართველო მისაბაძი მაგალითია ევრაზიის რეგიონში. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. გამოცემა წერს, რომ საქართველომ გადაინაცვლა „ეკონომიკურად რეპრესირებული“ კატეგორიიდან - „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში. საქართველოს მაჩვენებლები რეკორდულია, რადგან სულ რაღაც 13 წელიწადში მან 124-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ თეთრი სახლის ლიდერი და მისი ადმინსტრაცია მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამის დასადასტურებლად სტატიაში საუბარია იმ სამხედრო დახმარებების შესახებ, რომელიც ქვეყანამ სწორედ ამერიკის დაფინანსებით შეიძინა. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, გამოცემა მიიჩნევს, რომ შტატებმა უნდა უბიძგოს საქართველოს მოძებნოს ახალი ინვესტორი, რომელიც შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს, რადგან ის დაეხმარება ქვეყანას როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
