მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა, როგორია პოლიტიკური შეფასებები
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირის არ სჯერათ. ოჯახი შვილის გარდაცვალებიდან დღემდე აქციებს მართავს. 2018 წლის გაზაფხულიდან ამ დრომდე მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი სხვადასხვა ფორმას იღებდა. აქციები იყო პანკისშიც და თბილისშიც, შემდეგ პარლამენტის წინ კარვები გაიშალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდა, მიმართა სტრასბურგსაც. სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, ოპოზიციის ყველა პოლიტიკური აქციის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ იქცა, მათ შორის 20 ივნისის ღამესაც. 2019 წლის იანვარში მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ყოფილ პრეზიდენტს აქციის მონაწილეები ეუბნებიან, რომ „მის ბრძანებას ხუთიანზე ასრულებენ“. ერთ-ერთ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოსვლა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძიების საგანი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ. პროკურატურის არც ოპოზიციას სჯერა. მაჩალიკაშვილის ოჯახის მსგავსად, ხელისუფლების ოპონენტებიც მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებები გაყალბდა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. მმართველ გუნდს კი სჯერა, რომ სტრასბურგიც დარწმუნდება იმაში, რაც დღეს პროკურატურამ თქვა.
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
