დავით ზალკალიანის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და შეფასებები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება გაუარესდა, ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, მცოცავი ოკუპაცია საქართველოში ყოველდღიურად გრძელდება. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერება. დავით ზალკაიანმა კითხვა-პასუხის ფორმატში ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო გატაცების შესახებაც ისაუბრა. ოპოზიცია დავით ზალკალიანს აკრიტიკებს და ევროსაბჭოში გაკეთებულ განცხადებებს უწუნებს. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ მინისტრმა საერთაშორისო ტრიბუნა სათანადოდ არ გამოიყენა და საქართველოში არსებული ოკუპაციისა და დევნილების პრობლემების საკითხი მკაფიოდ არ გააჟღერა. ზალკალიანი ოპოზიიცის ბრალდებას სპეკულაციად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ის ფორმატი რომელსაც ევროსაბჭო გამომსვლელებს სთავაზობს ქართულმა მხარემ ეროვნული საკითხების გასაჟღერებლად მაქსიმალურად გამოიყენა.
