სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ 10 000 პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 65-70 იყო, ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 20-ზე ჩამოვიყვანეთ
წინა ხელისუფლების დროს საქართველოში ყოველ 10 000 პატიმარზე სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 65-70 იყო, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი 30-ია. ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 20-ზე ჩამოვიყვანეთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს უპასუხა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს. 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, მივიღეთ 20 000-ზე მეტი პატიმარი, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ნაწამები, ფსიქიკური პრობლემებით, დამამშვიდებელ წამლებზე დამოკიდებულები. ყოველ 10 000 პატიმარზე საშუალო სიკვდილიანობა 65-70, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი 30-ია. ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოვიყვანეთ 20-ზე, შარშან კი, მაგალითად, უკვე 16 იყო. ყოველწლიურად იყო ტუბერკულოზის 2000 ახალი შემთხვევა, რომელთაგან ძალიან ბევრი იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იკურნება. ევროპაში ქრონიკული ტუბერკულოზის გამავრცელებლები საქართველოსა და რუსეთის ციხეებიდან გამოსული ადამიანები იყვნენ. პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 2000-დან 60-მდე ჩამოვიდა“, - განაცხადა სუბარმა.