კახა კალაძე: გემოვნებაზე რთულია იდავო, თუმცა ვფიქრობ, წლევანდელი ნაძვის ხე ნამდვილად არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის კრიტიკას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ გააკეთა.
„მე მგონია, რომ თბილისის მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს ისეთ განათებულ ქალაქს, როგორიც არის წელს. გემოვნებაზე რთულია იდავო, თუმცა მე მგონია, რომ წლევანდელი ნაძვის ხე ნამდვილად არის განსხვავებული და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო. არა მხოლოდ ნაძვის ხე, ზოგადად როგორ არის ქალაქი მორთული და გალამაზებული. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ როდესაც მოდის საახალწლო დღეები, მაქსიმალურად შევქმნათ ქალაქში ეს საახალწლო განწყობა“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღვივებას ცდილობს.
„არსებობენ ოპონენტები, რომლებსაც აქვთ სურვილი და მონდომება, რომ მაქსიმალურად შექმნან ნიჰილიზმი, რაც ძალიან ცუდია. არ მომწონს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ ამ დესტრუქციულ პოლიტიკოსებზე მაღლა უნდა დავდგეთ. ჩვენი ქალაქიც უნდა გავალამაზოთ, უნდა მივხედოთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს თბილისელებს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.
