კახა კალაძემ წლის 3 მთავარი პროექტი დაასახელა
„ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ის ყველაფერი, რაც არ მოგვწონს, რომ კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობდა სკვერებში, პარკებში, მიმდინარეობდა სტადიონების და სპორტული მოედნების ადგილზე, ეს ყველაფერი ჩვენ შევაჩერეთ. მოგვიწია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღება და მნიშვნელოვანია შემდეგ გაგრძელება ჩვენი მიდგომების და დამოკიდებულების, რომ ქალაქი განვითარდეს სწორად. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სკვერების, პარკების, მწვანე სივრცეების ხარჯზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი აზრით, მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა სატრანსპორტო რეფორმაა. „ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. მთავარი მიზანი არსებული პარკის ჩანაცვლებაა და ასევე უნდა შემოვიყვანოთ დამატებით ავტობუსები. პარალელურად დავიწყეთ მეტროს მოდერნიზება, სამგზავრო ვაგონების რეაბილიტაცია. ასევე ვაპირებთ ახალი ვაგონების შემოყვანას. გვინდა მეტროს სადგურების სრული რეაბილიტაცია გავაკეთოთ ძალიან მაღალ დონეზე და არ მივიღოთ ის შედეგები, რაც, მაგალითად ვარკეთილის მეტროში გვქონდა, როდესაც ჭერი თავზე ჩამოგვენგრა.
ასევე ამ პოლიტიკაში შემავალი ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტაქსების რეფორმა. მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მესამე მნიშვნელოვან მიღწევად დედაქალაქის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიიჩნევს. „შემიძლია წავიტრაბახო, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ერთდროულად ქალაქში არასოდეს განხორციელებულა. ამას, რა თქმა უნდა, ახლავს დისკომფორტი, თუმცა სხვანაირად შუძლებელია. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი, რომ ქუჩები, გამზირები, პროსპექტები, სადაც შევდივართ, გვინდა, რომ ძირეულად ჩავატაროთ სამუშაოები - თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებით, წყლის სისტემის გამართულობით, კეთილმოწყობითი სამუშაოებით. ყველაფერი გვინდა გამართული იყოს, როგორც ეს ხდება განვითარებულ, ძლიერ ქალაქებში. იმიტომ, რომ არ გვინდა შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ პრობლემას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
