ვაჟა ექიმისთვის მორიგი მხარდამჭერი აქცია 29 დეკემბერს გაიმართება
ცნობილი ტრავმატოლოგი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომხდარს გამოეხმაურნენ ევროკავშირი, ამერიკის საელჩო, სადამკვირვებლო მისია, გერმანიის ელჩი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. 20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის ძალისხმევას გაზრდის. წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მწერლები შეიკრიბებიან, ასევე წარმოდგენელი იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები,სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები.
