პრემიერი ჯანდაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან ერთად კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა
ჯანდაცვა მთავრობის პრიორიტეტად რჩება, პრემიერი ჯანდაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან ერთად, 100-მდე კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა. გიორგი გახარიამ საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებაზე ისაუბრა, და გამოწვევებიც განიხილა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმა პაციენტებზეც აისახა, დარგი კი ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად და ცოდნით გაძლიერდა. გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას. „კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ, მზად არის. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმებისგან პრობლემებიც მოისმინეს და რჩევებიც მიიღეს. საუბარი შეეხო 520 დადგენილებასაც, რომელიც 20 ნოემბერს ამოქმედდა. სამსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების შესახებ მსჯელობა გაგრძელდება და შეთანხმება მხოლოდ შემდეგ შედგება. ეს არ არის პირველი შეხვედრა, სადაც ჯანდაცვის უწყება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება, ერთერთი ასეთი აუდიენცია პრემიერის მინაწილეობით 4 დეკემბერს გაიმართა.
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
