42 წელი პატრიარქის ტახტზე - 25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთსულოვნად აირჩიეს. ინტრონიზაცია მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. ილია მეორის მოღვაწეობას, არაერთი მნიშნელოვანი საქმე და გადაწყვეტილება უკავშირდება. მისი თაოსნობით, მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა, საუკუნეების შემდეგ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. დაარსდა საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთშიც ვრცელდება. ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველებს ეხმარება, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანსა და ზესტაფონში. ილია II იყო პირველი სასულიერო პირი, რომელმაც ფერეიდნელი ქართველები მოინახულა, მნიშნელოვნად გაიზარდა ეკლესია- მონასტრებისა და ეპარქიების რაოდენობა. მის სახელს უკავშირდება 2002 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება. სწორედ ილია მეორის ძალისხმევის შედეგად , 1990 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალია აღიარა. კათოლიკოს-პატრიარქი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო და კრეტის მეცნიერებათა აკადემიებმა, მას ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭეს. „მადლობა სიყვარულისთვის“-ასე მიმართა პატრიარქმა სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს. სადღესასწაულო წირვა იქ აღევლინა, სადაც წლების წინ ინტრონიზაცია შედგა. ილია მეორეს აღსაყდრების დღე მიულოცეს “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ . მათ ილია მეორის ღვაწლზე გაამახვილეს ყურადღება და უწმინდესს ჯანმრთელობა უსურვეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
