ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის გამოძახილია
აშშ არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. შესაბამისად, აშშ-სთან პარტნიორობას ჩვენთვის აქვს საკვანძო მნიშვნელობა, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული პროცესების ფონზე აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო. კობახიძის ცნობით, საუბრის მთავარი თემები იყო ის, თუ როგორ ხედავენ მხარეები ურთიერთობის მომავალს და საქართველოში განვითარებულ პროცესებს.
„გვქონდა დატვირთული სამუშაო გრაფიკი, არაერთი სამუშაო შეხვედრა როგორც კონგრესმენებთან და სენატორებთან, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში, სამოქალაქო სექტორთან. პროდუქტიული ვიზიტი იყო. მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის იმ პროცესებზე, რაც ვითარდება ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, პირდაპირ არის მინიშნებული საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება სწორედ უმრავლესობის დელეგაციის ვიზიტის გამოძახილია.
„მოხარული ვართ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს ის პროცესები, რაც ვითარდება ქვეყანაში, განსაკუთრებით მეოთხე ტალღის შეფასება. ფეიკნიუსი მარტო ის არ არის, რომ ტყუილს ამბობ, როდესაც არის აშკარად პოზიტიური თემა ხელისუფლებისთვის და ხდება მისი მიჩქმალვა, ესეც ფეიკნიუსია. ასე ხდებოდა მეოთხე ტალღასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საერთოდ არ აშუქებდნენ“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე საუბარია ოპოზიციასთან დიალოგის მნიშვნელობაზე და ესეც პოზიტიურად არის შეფასებული. „ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების წინადადებას დიალოგის დაწყებაზე, ჩვენ გავუწიეთ ანგარიში საერთაშორისო პარტნიორებს და გრძელდება კონსულტაციები საარჩევნო თემაზე. მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მუშაობა მართლმსაჯულების და პროკურატურის სისტემის რეფორმის საკითხებზე. მზად ვართ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და ეს თანამშრომლობა იქნება ძალიან წარმატებული“, - განაცხადა კობახიძე.
ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თარგმანთან დაკავშირებულ მსჯელობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის უწყებაში განცხადების გაკეთების დროს თითოეული სიტყვა იზომება. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვნია, რომ ხელისუფლების და საელჩოს თარგმანების შინაარსი ერთნაირია.
„ჩვენ ვიცით როგორ იწერება ასეთი ტექსტები. როდესაც სუბარია სახელმწიფო დეპარტამენტზე, იქ თითოეული სიტყვის გაზომვა ხდება, ასეა საქართველოშიც. როდესაც საუბარია ერთგულების განმტკიცებაზე და არა გამოვლენაზე, ამ ორ სიტყვას შორის დიდი განსხვავებაა. ოპოზიციის ინტერესებშია, რომ რაღაც სიტყვები არა ასე, არამედ ისე წაიკითხონ, არ გვიკვირს, ბევრ არასწორ მეთოდს იყენებენ ოპონირების. მთავარია ჩვენ წავიკითხოთ სწორად. საელჩოს თარგმანი დაემთხვა ჩვენს თარგმანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
