ბაქრაძე: საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი
აშშ-ის შეუძლია აჩვენოს ყველას საქართველოს მაგალითზე, რომ მისი მხარდაჭერით და დახმარებით ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც კი უსწრებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„როდესაც ვამბობთ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოც აშშ-ისთვის სტრატეგიული პარტნიორია. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო იყო ერთი პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აშშ-ისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად და მოკავშირედ იქცა. ერთი მხრივ, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ავღანეთში ამერიკელებთან ერთად, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა არსობრივად შეიცვალა. თუ აქამდე მათ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის ამზადებდნენ, ახლა წვრთნის მიზანი ტერიტორიული თავდაცვაა.
გარდა ამისა, საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ის შეუძლია აჩვენოს ყველას საქართველოს მაგალითზე, რომ მისი მხარდაჭერით და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.