დავით ბაქრაძე: ტრამპის მისამართით კრიტიკამ გამოიწვია ის, რომ კონგრესი გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ და 2017 წელს პირველად კანონის დონეზე ტერმინი ოკუპაცია გამოიყენა
მედიისა და ექსპერტების მხრიდან ტრამპის პრეზიდენტად არჩევის კრიტიკამ შესაძლებელი გახადა კონგრესის გაერთიანება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და 2017 წელს პირველად კანონის დონეზე იმ პროცესს, რომელსაც ჩვენ ოკუპაციას ვუწოდებთ, ამერიკის მხრიდანაც ოკუპაცია ეწოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„შესაძლებელია, რომ გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას ამერიკული საზოგადოების პოლარიზაციის სახით, ჩვენთვის შესაძლებლობად იქცეს. ყველა მსგავს პერიოდში ყოველთვის არის სივრცე მანევრირებისთვის და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წაწევისთვის. მაგალითად, 2017 წელს ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ კონგრესში რუსეთთან დაკავშირებით მანამდე არნახული ერთიანობა იყო. პირველად 2008 წლის ომის შემდეგ კანონის დონეზე იმ პროცესს, რომელსაც ჩვენ ოკუპაციას ვუწოდებთ, ამერიკის მხრიდანაც ოკუპაცია ეწოდა. იყო წლები, როდესაც აშშ-ის კონგრესი ამ ტერმინის გამოყენებისგან თავს იკავებდა, 2017 წელს კი ეს შესაძლებლობა სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ იმ წინააღმდეგობრივმა გზავნილებმა და სპეკულაციებმა, რომელიც მედიისა და ექსპერტების მხრიდან ტრამპის პრეზიდენტად არჩევას მოჰყვებოდა, შესაძლებელი გახადა კონგრესის გაერთიანება რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, საფრთხე, რომელიც, მედიას თუ დავუჯერებდით, საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი იყო, შესაძლებლობად გარდაიქმნა და წინ წავწიეთ ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა ბაქრაძემ.
