დავით ბაქრაძე: იმპიჩმენტის პროცესის ფონზე პარტიები საერთო შეხების წერტილებს ეძებდნენ და ასე მოხდა საქართველოს მხარდამჭერი აქტის შემთხვევაშიც
აშშ-ში იმპიჩმენტის პროცესის ფონზე მხარეები ეძებდნენ საკითხებს, რაზეც შეთანხმება შეეძლოთ, და ასე მოხდა საქართველოს მხარდამჭერი აქტის შემთხვევაშიც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„აშშ-ში პოლარიზაციის ხარისხი ახლა ძალიან მაღალია. როდესაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი აშშ-ის სენატში გადავა, სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე ყველა სენატორი მხოლოდ ამით იქნება დაკავებული. მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობს საკითხები, რომლებზეც მხარეები თანხმდებიან და ეს სისუსტე - ამერიკული საზოგადოების პოლარიზება, შეიძლება გარდაიქმნას შესაძლებლობად. ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, როდესაც მხარეები ეძებდნენ საკითხებს, რაზეც შეთანხმება შეეძლოთ. ეს გამოჩნდა საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენის დროს გაკეთებულ განცხადებებშიც, რომ მათ უხაროდათ ისეთი კანონპროექტის წარდგენა, რომელშიც ორივე მხარე ერთ პოზიციაზე იდგა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
