ირაკლი კობახიძე: ოკუპაცია და სიღარიბე ჩვენი ძირითადი გამოწვევებია, თუმცა თუ კონსოლიდირებულები ვიქნებით, აუცილებლად გვექნება შედეგი
ჩვენი ძირითადი გამოწვევები ისევ გამოწვევებად რჩება - ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. სამწუხაროდ, ეს სირთულეები 2020 წელსაც დარჩება, თუმცა თუ კონსოლიდირებულები ვიქნებით, ჩვენ აუცილებლად გვექნება შედეგი, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2019 საკმაოდ რთული წელი იყო, რომელსაც ბევრი პლუსი და მინუსი ჰქონდა. „რეგიონში კვლავაც რთული ვითარებაა, ჩვენი ძირითადი გამოწვევები ისევ გამოწვევებად რჩება - ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. ბოლო მონაცემებით, 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. რაც შეეხება ოკუპაციას, თქვენ ხედავთ, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი. მას აქვს ყოველდღიური მძიმე შედეგები და ბოლო უარყოფითი შედეგი იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება. ეს ყოველდღიურ ძალისხმევას საჭიროებს. სამწუხაროდ, ეს სირთულეები 2020 წელსაც დარჩება, თუმცა თუ კონსოლიდირებულები ვიქნებით, ჩვენ აუცილებლად გვექნება შედეგი“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, შიდა პოლიტიკური პროცესებიც საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებით მძიმე კი იყო 20 ივნისის მოვლენები. „პირველ რიგში, იყო პირდაპირი შტურმი საქართველოს პარლამენტზე ანუ ხელისუფლების გადატრიალების გამოკვეთილი მცდელობა, რისი პრეცედენტიც ჩვენ რამდენიმე წელი არ გვქონია. გარდა ამისა, მძიმე იყო იმ კუთხითაც, რომ ადამიანები მძიმედ დაშავდნენ. ეს იყო უმძიმესი მოვლენა. თუმცა ზოგადად ამ სირთულეების მიუხედავად პროგრესი გრძელდება. ამ ურთულესი პროცესების ფონზე დაახლოებით 6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება წლის ბოლოს. ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
