საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მიმდინარე დავალიანება აქვთ, კიდევ ერთხელ აფრთხილებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მიმდინარე დავალიანება აქვთ, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დავალიანების ძირი თანხა დაფარონ. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ ფინანსთა მინისტრმა, ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოედგინათ და გადახდა დაეწყოთ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზიებმა არ გადაიხადეს მიმდინარე დავალიანება, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ მაუწყებლებს არ აქვთ გადახდილი მიმდინარე დავალიანება. რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”, “მაესტროსა” და “ჯი-დი-ესს”, მედიაჰოლდინგის იურისტის განცხადებით, მიმდინარე დავალიანება არ აქვთ.
