ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება კიდევ ერთხელ აფრთხილებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფინანსთა მინისტრმა, ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მიმდინარე დავალიანების გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ მაუწყებლებს არ აქვთ გადახდილი მიმდინარე დავალიანება. რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს” “მაესტროსა” და “ჯი-დი-ესს”, მედიაჰოლდინგის იურისტის განცხადებით, მათ მიმდინარე დავალიანება არ აქვთ.
