არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და მკვეთრად განსხვავდება იმ სურათისგან, რომლის ტირაჟირებას ტროლები ახდენენ
2012 წლიდან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. ამის შესახებ გადაცემა „კვირის თემაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან სტუდიაში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მერ შედგენილი რეიტინები წარადგინა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციები პრაქტიკულად ყველა სფეროში გაუმჯობესდა, მათ შორის ბიზნესის წარმოების და მედიის თავისუფლების მხრივ. „მე თქვენთან ვარ მოსული კონკრეტული ინფორმაციით, რომელიც სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც ეს რეალური ტროლები საქართველოში ლაპარაკობენ. მინდა ძალიან მოკლე მიმოხილვა გაგიკეთოთ სინამდვილეში სად ვართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი ინფორმაციით, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ შეფასებით 2004-2012 წლებში საქართველო დამოუკიდებელ სასამართლოს რეიტინგში 89 ადგილზე იყო, 2012-2018 წლებში კი 66 ადგილზე გადაინაცვლა. საკუთრების უფლების დაცვის მხრივ, „მსოფლიო ბანკის“ და „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგებში 120-ე ადგილიდან საქართველო 46-ე პოზიციაზე გადავიდა. ბიზნესის თავისუფლების მხრივ „Heritage Foundation“-ის რეიტინგში 2004-2012 წლებში 23 ადგილზე იყო, 2012-2018 წლებში კი მე-16-ზე. „ტრანსფარენს ინტერნეიშენელის“ რეიტინგში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ 51-ე ადგილიდან საქართველომ 44-ზე გადაინაცვლა. გაუმჯობესდა პოზიციები მედიის თავისუფლების სფეროში. ორგანიზაცია „Reporters Without Borders“ - ის რეიტინგში საქართველო 105-ე პოზიციიდან 64-ზე ავიდა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეალობა მკვეთრად განსხვავდება იმ სურათისგან, რომლის ტირაჟირებას ტროლები მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებში ახდენენ.
