არჩილ თალაკვაძე: პროპორციულმა სისტემამ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია
პროპორციული სისტემის შემოღებამ განვითარებულ ქვეყნებში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე „კვირის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მან იტალიის, გერმანიის, ბელგიის, ლატვიის და ისრაელის მაგალითები მოიყვანა, სადაც ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე არჩევნებს ატარებენ.
„კი, ჩატარდა არჩევნები. დიახ, პროპორციულად განაწილდა მანდატები, ისე, როგორც ხალხმა ხმები გაანაწილა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მოხდა? იმ ხალხისვე ინტერესების საზიანოდ პარლამენტები ვერ შეთანხმდნენ მთავრობის ფორმირებაზე, შესაბამისად, ბლოკირებულია სამთავრობო პროცესი. ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და უკვე რა ტიპის პროცესებში ვართ შესული ამ ოპოზიციასთან ხომ ხედავთ? პროპორციული არჩევნების მერე წარმოგიდგენიათ რა იქნება ქვეყანაში?“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ ჩაიწერა კონსტიტუციაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი პასუხი გასცა:
„ერთადერთი მიზეზით ჩავწერეთ. და დღესაც მე ჩემ გადაწყვეტილებას ვეთანხმები, მაშინ რაც მივიღეთ. იმ შერეულმა სისტემამ გვაჩვენა, რომ გამარჯვებული მმართველი პარტია იღებს ძალიან ბევრ მანდატს პარლამენტში და ეს მანდატები მიდის პრობლემამდე. ჩავთვალეთ, ახლა გადავიდეთ სხვანაირ სისტემაზე და იქნებ ეს სისტემა იყოს ის, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს“.
