არჩილ თალაკვაძე: მთავარი ტროლები არიან ისინი, ვინც ბიუჯეტს ძარცვავდა და ადამიანის უფლებებს არღვევდა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება „ფეისბუქთან“ დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა.
როგორც მან „ტელეიმედის“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, ეს არ არის სკანდალი, ეს არის „ფეისბუქის“ რეგულაციების ნაწილი, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში მუშაობს ტროლების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ასეთი ანგარიშები გაუქმდა აშშ-შიც, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც და ეს არ არის ექსკლუზიური ამბავი საქართველოსთვის. ასეთი რეაგირება „ფეისბუქის“ მხრიდან მუდმივად ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ თემაზე დიდწილად იყო სპეკულაციები. „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებაში წერა, რომ ეს სუბიქტები ავრცელებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერ ინფორმაციას. „ფეისბუქში“ არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. არის ხელისუფლების მხარდამჭერი ინფორმაციაც. ასე რომ ეს ცალმხრივი ამბავი არ არის. არიან ჩვენი მხარდამჭერებიც, სავარაუდოდ, ვინც აქტიურობენ. არის ორგანიზებული ქსელებიც, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას. ეს იცის საქართველოში „ფეისბუქის“ ყველა მომხმარებელმა. არ გამოვრიცხავ, რომ ის სუბიქები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ეწევიან, ბევრად მეტს ხარჯავენ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ..
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა მილიონმა მოქალაქემ, ბევრი მათგანი ევროპასთან დაკავშირებულ აქციაზეც იყო გამოსული თბილისის მთავარ მოედანზე. „ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც, სადაც ის ლაპარაკობდა ხალხის სახელით. შესაბამისად, ის ხალხი, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა, ტროლები ხომ ვერ იქნება?! ტროლი არის სუბიექტი, ვინც საინფორმაციო სივრცეში ცდილობს სხვების შევიწროებას, ავრცელებს დეზინფორმაციას და ახდენს რეალობის გადაკეთებას. „ფეისბუქმა“ ტროლები გააუქმა, მაგრამ თბილისშიც და რეგიონებშიც რჩებიან მთავარი ტროლები. ვინ არიან მთავარი ტროლები უნდა გავშიფროთ - ხალხი, რომელიც ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების ძარცვაშია მსჯავრდებული, გასამართლებული და შემჩნეული. ეს ხალხი დღეს გამოდის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს აკრიტიკებს იმაში, რაზეც თვითონ მსჯავრდებულები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც სხვების უფლებების უმძიმეს დარღვევებში იყვნენ მხილებული, გამოდიან ეთერებში, გამოდიან მიტინგებზე და ხელისუფლებას აკრიტიკებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
