არჩილ თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის პრინციპული პოზიცია არის ხელისუფლების პოზიციაც, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი ვერ იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ყოველგვარი ადამიანური წესების და საერთშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ მან „ტელეიმედის“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე და როგორ შეიძლება ყველაზე უარესად წარმოაჩინო შენი თავი. „როდესაც ექიმს აპატიმრებ... რაც არც ერთ სამართალში, არც ერთ ისტორიაში, არც ერთ საუკუნეში რეალურად არ უნდა იყოს ძალადობის, ტყვეობის სუბიექტი და არ უნდა იყოს შეტევის სუბიექტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ბევრ სპეკულაციას მიმართა ამ საკითხზე. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის სახლში დაბრუნებულიყო დროზე და ეს ძალისხმევა დღემდე გრძელდება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში. არ მკითხოთ რატომ ვარ დარწმუნებული. ვარ დარწმუნებული იმიტომ, რომ მართლა ყველა საშუალება გამოვიყენეთ. ეს იყო საერთაშორისო ფორმატები, ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნირი მთავრობები, ცხელი ხაზი, თუკი რამე მეგობრული კავშირები არსებობს, ყველაფერი გამოვიყენეთ. დარწმუნებული ვარ, ეს უშედეგოდ ვერ ჩაივლის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვაჟა გაფრინდაშშვილმა თავისი ქცევით და განცხადებებით აჩვენა თავისი პრინციპული პოზიცია, რომელიც არის ხელისუფლების პოზიციაც, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი ვერ იქნება.
„მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ პოლიტიკურ სპეკულაციებს არ უნდა შევწიროთ არც ერთი ოჯახის უსაფრთხოება, არც ერთი ექიმის უსაფრთხოება და ფაქტი არის ნამდვილად, რომ ამ საკითხზე იყო პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. სხვათა შორის მისმა მეუღლემაც ძალიან დელიკატურად მოუწოდა ყველას, რომ პოლიტიკურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს ამასთან დაკავშირებით ნუ გააკეთებთო“, - განმარტა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ექიმის გატაცება აჩვენებს, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, არამედ ეს კონფლიქტი გრძელდება და იწვევს ყოველღიურ პრობლემებს.
