დავით ზალკალიანი: დიპკორპუსის მთავარ მიმართულებად კვლავ დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება
თბილისში ელჩების კონფერენციაზე დიპლომატიური კორპუსის მთავარი პრიორიტეტები განისაზღვრა. ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარ მიმართულებად კვლავ ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რჩება.
„ჩვენ 4 დღის განმავლობაში ძალიან შინაარსიანი, დაძაბული სამუშაო რეჟიმი გვქონდა. ჩვენი საქმიანობა იყო ფოკუსირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან და ეს მოხდა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. გავწერეთ დეტალური სამოქმედო გეგმა 2020-სთვის. უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება. სწორედ ეს არის პირველი მიზანი და ამოცანა 2020 წლისთვის. მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა, ისევე როგორც გასულ წელს, მიმართული იქნება იმისკენ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის რისკები და საფრთხეები, რაც ჩვენ გარედან გვაქვს, რათა ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების საშუალება“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
მისი თქმით, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციაა, საქართველოს მთავარ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავება და დიასპორასთან კომუნიკაცია.