დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების და მედიის კრიტიკას პასუხობს
დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესმენების და ამერიკული მედიის მხრიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებებს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ თბილისის და ვაშინგტონის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე და ძლიერი და პრესაში გავრცელებულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ კურსი რუსეთზე აიღო კატეგორიულად არ ეთანხმება.
„აბსოლუტურად არ ვიზიარებ „Wall Street Journal“-ის პათოსს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყნის განვითარება. მოდით რეალობას შევხედოთ და ფაქტებით ვისაუბროთ. როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას დააბრალო ანტიდასავლურობა მაშინ, როდესაც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გვაქვს ისეთი ხელშესახები შედეგები, როგორიც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა. სულ რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა თავდაცვის მინისტრი აშშ-დან და სამწლიან ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამერიკა ჩვენ განგვიხილავს, როგორც სანდო პარტნიორს. იგივე „ჯაველინების“ სისტემის ჩვენთვის შესყიდვის უფლება, ეს ხომ არის დიდი ნდობის განაცხადი“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლების მხრიდან ყველა გზავნილი გასათვალისწინებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვაშინგტონში თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ არასანდო ინფორმაციას იღებენ.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მიდის. მათი ინფორმაციის წყარო არის როგორც ხელისუფლება, ასევე სხვა წყაროებზე დაყრდნობით იღებენ ისინი ინფორმაციას. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღნიშნოს ის, რომ ამით რაღაც ჩრდილი მიადგება საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
