დავით ზალკალიანი: ცხინვალის რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ოფიციალური თბილისის ბორდერიზაციაზე დასაყოლიებლად იყენებს
ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ამ საკითხს ოფიციალური თბილისის ბორდერიზაციაზე დასაყოლიებლად იყენებს.
„ეს არის მთლიანად ჩვენი ოკუპაციის დიდ სურათში დასანახი კომპონენტი. საოკუპაციო რეჟიმი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ თბილისი და ჩვენი დელეგაცია წაიყოლიონ იმ პროცესში, რომელსაც ისინი უწოდებენ დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს. ამაზე ისინი ხშირად საუბრობენ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში არავითარ შემთხვევაში არ შევყვებით. ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ჩაგვითრიონ ამ პროვოკაციაში. ფაქტია, რომ ბატონი ვაჟას დაკავება ამ დიდი სურათის ნაწილია“, - აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ექიმის გათავისუფლება ქართული დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის პრიორიტეტული საკითხია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.