დავით ზალკალიანი: Facebook-ი ობიექტური უნდა იყოს და გაითვალისწინოს, რომ მისი მეშვეობით ყალბი ინფორმაცია მთავრობის მიმართაც ვრცელდება
დარწმუნებული ვარ, რომ ის ოფიციალური საიტები, რომლებითაც ხელისუფლება ახდენს კომუნიკაციას საზოგადოებასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშები არ აქვს.
„მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: არც ხელისუფლებას და არც სახელისუფლებო პარტიას არ გააჩნია არანაირი ყალბი საიტი და ის საკომუნიკაციო საიტები, რომელიცაა ოფიციალური, სწორედ ამ საკომუნიკაციო საიტებით ხდება საზოგადოებასთან ურთიერთობა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, Facebook-ი ობიექტური უნდა იყოს და გაითვალისწინოს, რომ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ყალბი ინფორმაციის გავრცელება მთავრობის მიმართაც ხდება.
„მე თვითონ და უმრავი ჩემი კოლეგა მომსწრე ვართ, რომ ე.წ. ფეიკნიუსებით ყოფილა დაბულინგება და დაშანტაჟება. ობიექტური უნდა იყო. არ გაუქმებულა არც ერთი ის ანგარიში, საიდანაც ყოფილა ხელისუფლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნა მინისტრმა.
Facebook-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ანონიმური გვერდი გააუქმა.
