კახა კალაძე: თუ საკრებულოს მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა იქნება, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება
თბილისის საკრებულოს მუშაობა შეფერხებული არ არის და ამას ვერავინ იზამს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. „თუ იქნება გადაცდომა და საკრებულოს მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება “, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ. ამის მიზეზია კუხიანიძის შეურაცხმყოფელი პოსტი გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით.
კახა კალაძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე