კახა კალაძე: არანაირ კონტრაქციაზე საუბარი არ ყოფილა, უხერხულია შედარება, როდესაც 30 პარტია 5 ათასამდე ადამიანს ვერ აგროვებს
14 დეკემბრის შეკრება კონტრაქცია არ ყოფილა. უბრალოდ უხერხულია შედარება, როდესაც 30 პარტია 5 ათასამდე ადამიანს ვერ აგროვებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ აქციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ველოდებოდით დაახლოებით 100 ათას ადამიანს, თუმცა მოვიდა გაცილებით მეტი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი ის მუხტი იყო, რომელიც შეკრებილ ადამიანებში იგრძნობოდა. ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ჩატარდა. ეს კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იყო. ოპონენტების მედიასაშუალებების მხრიდან ხშირად ვისმენდით, რომ ეს იყო კონტრაქცია. სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ კონტრაქციაზე საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ უხერხულია შედარება, როდესაც 30 პარტია 5 ათასამდე ადამიანს ვერ აგროვებს. თავი არ უნდა გავუტოლოთ ჩვენ მათ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა აქვს, ეს არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე