ირაკლი კობახიძე: ჩვენი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში არ მოაქციონ
ახალი საარჩევნო შეთავაზების მიზანია, რომ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს არ ჰქონდეთ ცდუნება, ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ, - ამის შესახებ საპარამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, 77/73-ზე და შემდეგ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით. თეორიულად ეს შეიძლება იყოს 2021, 2022, 2023, მაქსიმუმ 2024 წლიდან კი ქვეყანა გადავა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე. „იმისთვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რამე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში უნდა ჩაიწეროს, რომ თუ ტარდება რამე ტიპის არჩევნები 2020-დან 2024 წლამდე, ეს არჩევნები ტარდება იგივე სისტემით, რაც იქნება 2020 წლისთვის, ოღონდ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი, აირჩევა 2024 წლის ბოლომდე ვადით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში შეთანხმება შედგა და მაჟორიტარი დეპუტატები 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით თავისივე ინიციატივაზე უარს იტყვიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებამდე მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ის კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.
