ირაკლი კობახიძის თქმით, ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ 100 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო
ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ 100 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრების დადგენა არის შეუძლებელი, თუმცა 100 ათასზე მეტი რომ იყო მოსული ადამიანების რაოდენობა, ეს ძალიან მარტივად ჩანდა. იყო სავსე თავისუფლების მოედანი და იყო ასევე სავსე მიმდებარე ქუჩები, მათ შორის პუშკინის ქუჩა, რუსთაველის გამზირის მონაკვეთი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ღონისძიებამ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ დასავლურ კურსს მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებამ მიზანი გაამართლა, რადგან საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ კი თავის ოპონენტებს საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა დაანახა.
„თქვენ გახსოვთ, რომ იყო მთელი რიგი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხალხი ითხოვდა რაღაცას, ხალხი აპროტესტებდა რაღაცას. ამაზე საუბრობდა ხშირად ოპოზიცია. მათ მაქსიმუმ რა მოახერხეს, იყო 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება გარკვეულ აქციებზე და ისინი გვესაუბრებოდნენ ჩვენ ხალხის სახელით. დღეს ესეც დადასტურდა, რომ ხალხი დგას, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ უკან. ამის დასტური იყო წინა არჩევნები და ამის დასტური იქნება, ბუნებრივია, 2020 წლის არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.