ირაკლი კობახიძე: 2012-2016 წლებში საერთაშორისო პარტნიორები ითხოვდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალების“ დროს მომუშავე მოსამართლეებისთვის მეორე შანსი მიეცა
ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს ახლად დამტკიცებული რამდენიმე მოსამართლის აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მხრიდან კრიტიკას არ ეთანხმება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი ყველა ეტაპზე მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო.
„პროცედურა, რაც არის დადგენილი ახალი კანონმდებლობით არის უპრეცედენტო. ვერც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვერ დაასახელებთ, სადაც ასეთი მასშტაბის ღია და გამჭვირვალე პროცედურაა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012-2016 წლებში თავად საერთაშორისო პარტნიორები ითხოვდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სისტემაში მომუშავე მოსამართლეებისთვის მეორე შანსი მიეცა.
„თუ ეს გადაწყვეტილება მაშინ იყო მიღებული, ახლა როგორ შეიძლება ეს 7 წლის თავზე შეიცვალოს? იყო სერიოზული რეპუტაციული ზიანი, რაც მიადგა სასამართლო სისტემას გასაგები მიზეზების გამო და სამასივე მოსამართლეს, ვინც იმ სისტემაში მსახურობდა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიტიკა, რომელიც ჩვენი მისამართით გვესმის, არ არის სამართლიანი და ეს ღიად ვთქვით ჩვენი პარტნიორების წინაშე. მათი განწყობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი არგუმენტები იყო დამაჯერებელი“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა უზენაესის სასამართლოს 14 მოსამართლე 12 დეკემბერს დაამტკიცა.