ბიძინა ივანიშვილი: ცინიზმია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში
დღევანდელობის ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში, - ამის შესახებ „ქაართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ღონისძება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართა.
მისი თქმით, ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩაში გამოსვლა, სწორედ ისინი სდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, „თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან“.
„ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.
დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ. მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნება" ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.
ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
