თეა წულუკიანი ჩუგოშვილის გუნდიდან წასვლაზე: მეტი კომპეტენცია რომ ჰქონოდა, ცხელ გულზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა
იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რატომ უწოდა პარლამენტის ყოფილ ვიცესპიკერს, თამარ ჩუგოშვილს არაკომპეტენტური პოლიტიკოსი. როგორც თეა წულუკიანმა „ტელეიმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა, გამოცდილი პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.
„შეიძლება ეს ემოციურ მდგომარეობას ან იმედგაცრუებას დავაბრალოთ, რაც იმ მომენტში ბევრს ჰქონდა, მათ შორის, მაგალითად, გიორგი კახიანსაც, რომელმაც ეს დღეს დაადასტურა. მე არ მქონია ასეთი იმედგაცრუება, რადგან ნულოვანი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები არ მომწონდა. ვისაც ამ სისტემაზე გადასვლა უნდოდა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმედგაცრუება ჰქონდათ და ამის გამო მათ ვერავინ უსაყვედურებს, მაგრამ ამის გამო იმ გუნდიდან წასვლა, რომლის შენებაშიც შენი წვლილი გაქვს შეტანილი, ეს პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობას უკავშირდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ეს ჩუგოშვილის, როგორც პოლიტიკოსის, მისეული შეფასებაა და არავითარ შემთხვევაში არ ახასიათებს მას, როგორც პიროვნებას. „მე არ ვაფასებ თამარ ჩუგოშვილს, როგორც ადამიანს. ჩემი აზრით, ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. მე შევაფასე პოლიტიკოსი და ამის უფლებაც მაქვს. მეტი კომპეტენცია რომ ჰქონოდა, ცხელ გულზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვა, რის გამოც წულუკიანმა მას არაკომპეტენტური პოლიტიკოსი უწოდა.
თეა წულუკიანთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე
