თეა წულუკიანი: ოპონენტებმა კეთილი ინებონ და ქართული მართლმსაჯულება ამოიღონ ნაგვიდან
„ჩვენმა ოპონენტებმა თავს ლაფი დაასხეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანიშნული მოსამართლეებიც იყვნენ და რომლებმაც „ქართული ოცნების“ დროს დანიშნულ მოსამართლეებთან ერთად როგორღაც დადგნენ ერთ აზრზე და თქვეს, რომ ეს ქონება მიტაცებულია“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ტელეიმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხდა.
მისი თქმით, ამ ექსპერტებმა მთელი ქართული მართლმსაჯულება ნაგავში გადაისროლეს. „არ მინდა ვუწოდო მათ „ვითომ ექსპერტები“, მთელი ქართული მართლმსაჯულება ნაგავში გადაიძახეს. ახლა მოვითხოვ რომ მათ შეაფასონ სტრასბურგის ძალაში შესული გადაწყვეტილება, კეთილი ინებონ და ქართული მართლმსაჯულება ამოიღონ ნაგვიდან. თუ ჩვენ არ გვეყოლება ქართული მართლმსაჯულება, რომელსაც თვითონ არ ვცემთ პატივს, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი მიუახლოვდება პოლიციელს და თავში ჩასცხებს, თუ ქართველი პოლიტიკოსი სხვა ქვეყნიდან პოლიციელებს დაემუქრება, ეს საქმე ამ ჭრილშიც არის ძალიან საინტერესო“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს უკვე მეორედ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი იყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად სცნო, შესაბამისად, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.
18 ივლისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
თეა წულუკიანთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე